ტაროტი - ესე ჰქვია თანამედროვე სათამაშო ქაღალდის "კარტის” წინაპარს.
საიდუმლოებით არის მოცული მისი წარმოშობის და განვითარების ისტორია და ბუნებრივიცაა, რადგან იგი მაგიურ საწყისებზეა აღმოცენებული.
ტაროტის უძველესი ნიმუში მხოლოდ მე-14 საუკუნით თარიღდება, მაგრამ მკვლევარები ძველ ეგვიპტეს ასახელებენ სათამაშო ქაღალდის სამშობლოდ, სადაც მას რიტუალური დატვირთვა ჰქონდა.
შუა საუკუნეების ევროპაში იგი მომთაბარე ბოშების საშუალებით მოხვდა და მაშინვე მიიპყრო სიახლის მოყვარული მაღალი საზოგადოების ყურადღება. უკვე მე-15 საუკუნეში ქალაქ პიზაში ძლიერ პოპულარული იყო თამაში "ტაროჩინო”. ტაროტმა სწორედ ამ პერიოდში შეიძინა გასართობი ფუნქცია, მაგრამ პირველადი დანიშნულებაც დაუკარგავს. იმდროინდელ ევროპაში ტაროტის საშუალებით ფართოდ გავრცელდნენ მომავლის წინასწარმეტყველები, მკურნალები, შემლოცველები. პაპის ეკლესიის არა ერთმა მკაცრმა მცდელობამ აღმოეფხვრა იგი, - ვერ გამოიღო ნაყოფი, უფრო მეტიც რამოდენიმე ხანში ოდნავ ტრანსფორმირებული ტაროტი სამეფო კარზეც და მოგვიანებით თვით კათოლიკურ სამღვდელოებაშიც უსაყვარლესი გასართობი საშუალება გახდა.
მაშინდელი ტაროტი თანამედროვე კარტისაგან განსხვავდებოდა არა მარტო მეფეების, დედოფლების, რაინდებისა და რიცხვების გამოსახულებით, არამედ მას გააჩნდა შუა საუკუნეების საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ელემენტებიც - დიდგვაროვნების, მსახურების, მხედრების, გლეხების, ვაჭრების, მონეტების, ხმლების, თასების და სხვათა გამოსახულებები. მოგვიანებით, მე-17, მე-18 საუკუნეებში იყო მცდელობა მასში შეეტანათ ზოდიაქო ნიშნები და რელიგიური სიმბოლოები. მაგ: ანგელოზი, დემონი, სიკვდილი, კრავი.
ამ იდეამ საბოლოოდ სრული განხორციელება მე-19 საუკუნის I ნახევარში ჰპოვა. სწორედ მაშინ მიიღო ტაროტმა თანამედროვე სათამაშო ქაღალდის სახე. მასში რელიგიური სიმბოლოები იმდენად მზაკვრულად და დაფარულად შენიღბეს, რომ ქრისტიანობაში გაუცნობიერებელი საზოგადოებისთვის შეუძლებელი შეიქმნა კარტში რაიმე საგანგაშოს შემჩნევა, არადა საქმე სწორედ რომ საგანგაშოა. არასოდეს ყოფილა ტაროტი ამდენად მკრეხელური, როგორიც დღეს კარტის სახით გვევლინება. ქრისტიანული სიმბოლოები - გოლგოთა, ჯვარი, ლახვარი, ღრუბელი არასოდეს ყოფილა აგრერიგად დამცირებული და შეურაცხყოფილი.
მე-19 და განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში მთელს მსოფლიოში არნახული პოპულარობა მოიპოვა კარტმა. ბოლო ათწლეულებში შეიქმნა სპეციალური დაწესებულებები ე.წ კაზინოები და ქალაქებიც კი, რომელთა საქმიანობა და შემოსავალი კარტზე არის დამოკიდებული.
დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ სათამაშო კარტს თავის მაგიური თვისებები არ დაუკარგავს. თამაშის დროს აზარტს დამონებული საღი აზრი სრულიად დაბნელებულია. მაშ, რით აიხსნება მოაზროვნე ადამიანების ესოდენი ხალხმრავლობა კაზინოებში. იქ მისვლამდე უწყის ყველამ, რომ დამარცხებისთვისაა განწირული, მაგრამ მაინც რაღაც იზიდავთ ისე ძლიერ, თითქოს ყელში თოკი წაუჭერიათო.
ის უცნაური საშიში სიტკბოება, რაც საზოგადოდ ცოდვას ახასიათებს, აქ განსაკუთრებულად მსუყედ იგრძნობა. უგუნური ადამიანი ილუზორულად ბედნიერი და ამავე დროს მწარედ მოტყუებულია. დაუკვირდით, ვისი ხელწერა იგრძნობა აქ, თუ არა ადამის ძის დაუძინებელი მტრისა. კაზინო გახდა ძეგლი დაცემული ადამიანის სიხარბისა და მომხვეჭელობისა, ქალაქი ლას-ვეგასი კი მთელი თავისი ნარკობიზნესითა და კრივის რინგებით, თვალის დამაბრმავებელი შუქებითა და მეძავთა არმიით, სიმბოლოა დასავლური ცივილიზაციის მიზნებისა და მისწრაფებისა.
მე-19 საუკუნეში კარტმა რუსეთის გამოვლით საქართველოშიც შემოაღწია. დღეს კი მთელი საქართველო დასერილია ამ შხამიანი ობობა-სამორინეს ქსელებით, სადაც მოქცეულ მსხვერპლს არავინ ინდობს. არის უამრავი დაღუპული სული, დანგრეული და გაუბედურებული ოჯახი.
მდგომარეობა მართლაც რომ საგანგაშოა.
მასალა ამოღებულია გაზეთ "მრევლი”-დან
***
დღეს ჩვენში კარტის თამაშს დიდ პატივს მიაგებენ. მისით ყველა სქესისა თუ ასაკის ადამიანი არის დაკავებული. ზოგიერთს ოჯახის რჩენა კარტის თამაშით მოგებული ფულით გადაუწყვეტია. მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქითაა, სამწუხაროდ არსებობს მრავალი ოჯახი, რომელთაც კარტის თამაშმა დიდი ზიანი მიაყენა. ზოგმა ვალები დაიდო, ზოგმა სახლ-კარი გაყიდა, ზოგმა კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოხლე და მძიმე ცოდვას მომაკვდინებელი ცოდვაც დაუმატა.
ბევრი ჩვენგანი ვაღიარებთ, რომ ვართ ქრისტიანები, ანუ ჯვარცმული და აღმდგარი ქრისტეს მიმდევრები. თაყვანს ვცემთ საეკლესიო სიწმიდეებს. გულზე ვატარებთ და ვეამბორებით ჯვარს, რომლითაც უფალმა კაცობრიობა გამოისყიდა, მაგრამ როდესაც კარტს ვთამაშობთ, ამით ჩვენდაუნებურად ჯვრის შეურაცხმყოფელები გამოვდივართ. ძნელი სახილველია ქრისტიანი, რომელიც მოთამაშეთა წრეში ჩამჯდარა და ჯვრით ერთობა ან ხელში ჯოკერი (იგივე ეშმაკი) უჭირავს და ჯვარს ჭრის ანუ უგებს, ერევა. გამწარებულმა ეშმაკმა, რომელიც ჯვრის ძალით დაითრგუნა, გადაწყვიტა უფალზე შური ეძია და მოიფიქრა, რომ კარტის ძალით მაინც გაუსწორდებოდა მას. ჯოკერი კარტში არავის უთმობს პირველობას. ჭრის და ამარცხებს ყველას და ყველაფერს, ჯვარსაც, აგურსაც (რაც არის გოლგოთის სიმბოლო), ყვავსაც (ლახვარი), გულსაც (ღრუბელი), კაროლსაც (მეფესაც) და სხვა სათამაშო ციფრებსაც.
დავფიქრდეთ, ღირს კი წუთიერი სიამოვნებისთვის ეშმაკის გახარება, ან მშვიდად ყურება იმისა, თუ როგორ ამარცხებს მოხტუნავე ჯამბაზი (ჯოკერი) ჯვარს? ჩვენ ჩვენდა უნებურად მრავალ ცოდვას ჩავდივართ და კარტის თამაში ერთ-ერთი ასეთი ცოდვაა, ამიტომ უფალს პატიება უნდა ვთხოვოთ და აღარ გავეკაროთ კარტს სათამაშოდ. ამინ.
მღვდელი ვახტანგი (დავითაშვილი)