მისი უწმინდესობა კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი) (დ. 10 ნოემბერი, 1855, ქვემო ნიქოზი, გორის რაიონი ― გ. 26 აგვისტო, 1918, მარტყოფი), ქართველი მეცნიერი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში. პატრიარქის კირიონის მამა მღვდ. იერონიმე საძაგლიშვილი მსახურებდა მთიულეთში და თავის ღვაწლით დიდი ამაგი დასდო ოსთა გვარ-ტომს, რომელთა შორის ავრცელებდა ქრისტიანობას. 1855 წლის 10 ნოემბერს მას დაებადა ვაჟი,რომელსაც დაარქვა გიორგი. სიღარიბეში მყოფმა მოძღვარმა თავისი 7-8 წლის შვილი მიაბარა სასულიერო სასწავლებელში, რომელიც გიორგიმ დაასრულა 1876 წელს პირველ მოწაფეთაგანმა. კიევის სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ 1880 წელს გიორგი საძაგლიშვილი ოდესის სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა. 1883 წელს სამშობლოში დაბრუნდა და თელავის სასულიერო სასწავლებელში გამწესდა. შემდეგ მსახურებდა გორისა, ქუთაისისა და ტფილისის სასულიერო სასწავლებლებში და აგრეთვე აქაურ ქალთა საეპარქიო სასწავლებელში. ცოლ-შვილის სიკვდილის შემდეგ 1896 წელს აღიკვეცა ბერად და ჩააბარა ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრობა. 1898 წელს აკურთხეს ეპისკოპოსად ალავერდის კათედრაზე, 1901 წელს გორის ეპისკოპოსად დანიშნეს. ცხოვრებაში გამოსვლისთანავე კირიონი მთელ თავის ძალ-ღონეს ანდომებდა სამშობლოში ეკლესიის წარსულის კვლევა ძიებას და ზრუნავდა მისი აყვავებისათვის. 1901 წლიდამ იწყება ეპისკოპოს კირიონის არაჩვეულებრივი დევნა რუსეთის სასულიერო მთავრობის მიერ, ადგილიდან ადგილზე გადაყვანა და შევიწროვება. ეპისკოპოს კირიონს 1902 წ. კამენეც-პოდოლის ეპარქიაში გზავნიან, აქედან 1903 წელს ხერსონში, 1904 წელს ორიოლის ეპარქიაში, ხოლო 1907 წლის 27 იანვარს კვალვ ცივ რუსეთში - კოვნოს ეპარქიაში ისტუმრებენ, საიდანაც 1908 წლის ზამთარში სულ მთლად ითხოვენ უეპარქიოდ. პირველად უადგილოდ დატოვებული ეპისკოპოსი ჟანდარმერმების თანხლებით კურიაჟის მონასტერში (ხარკოვის გუბერნია) გაგზავნეს. აქედან იანვარში ავადმყოფი ეპისკოპოსი ჟანდარმებმა მოსკოვის გზით სანაქსარის უდაბნოში მიიყვანეს, აქ იგი ცივ-ნოტიო ოთახში მოათავსეს და გადაცმული პოლიციელები მიუჩინეს თვალყურის საგდებლად. რუსეთის მთავრობას ეპისკოპოსი კირიონი ნიშანში ჰყავდა ამოღებული და არავითარ ცილისწამებას არ ერიდებოდა მის დასაღუპავად და საქართველოს ექზარხოს ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობაც კი დასწამეს. ამგვარმა ცილისწამებამ, როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი აღაშფოთა. როდესაც ამ ცილისწამების შესახებ პრესის წარმომადგენელნი ევგენი გეგეჭკორს (მაშინ სახელმწიფო სათათაბიროს დეპუტატად იყო) შეეკითხნენ, მან უპასუხა: « "ეს ველური და შეუსაბამო ბრალდებაა. ბრწყინვალე პიროვნება ეპისკოპოს კირიონისა მის მტერთა მოსვენებას არ აძლევს მის სახელს რომ ჩირქი მოსცხონ, საშუალებას არ ზოგავენ. ეპ. კირიონი ქართველ სამღვდელოებაში თვალსაჩინო პიროვნებაა, ერთი საუკეთესო მებრძოლთაგანია ავტოკეფალიისათვის, რასაც სინოდშიაც გაბედულად იცავდა; ყველა ამას მთავრობა ვერ დასთმობდა და დევნა გამოუცხადა"...»
ამ დევნამ ისეთი მწვავე ხასიათი მიიღო, რომ ბელგიიდან "ადამიანის უფლებების დაცვის ლიგის" თავმჯდომარემ, დეპუტატმა ჟორჟ ლორანმა ბრიუსელიდან 1909 წლის 10 მარტს ყოფილ სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ხომიაკოვს სთხოვა დაეცვა ეპისკოპოსი კირიონის პიროვნება წამებისგან, მაგრამ ვერც საზღვარგარეთის და ვერც შინაურმა გამოსარჩლებამ ვერ შეუმსუბუქა ეპისკოპოს კირიონს ტანჯვა. სანაქსარის უდაბნოდან ხერსოვნეთის მონასტერში გაგზავნეს, სადაც 1905 წლამდე დაყო. უკუღმართმა პირობებმა და დევნა-წამებამ ეპისკოპოს კირიონის ენერგია ვერ გასტეხა, სამშობლოს სიყვარული გულიდგან ვერ ამოუშალა. თავის გვარ-ტომს მოწყვეტილმა მეცნიერულ კვლევა ძიებას მიჰყო ხელი. 1915 წელს ეპისკოპოს კირიონს ეპარქიის მმართველობის უფლება დაუბრუნეს და პოლოცკის და ვიტებსკის ეპარქია ჩააბარეს, სადაც ამ უკანასკნელ თვემდე მსახურებდა. მაგარამ სამშობლოს ნახვის ნება მაინც არ ჰქონდა. ეპისკოპოსი კირიონი უხვ ქველმოქმედად ითვლება. მისი დახმარებით მრავალ ქართველ ყმაწვილს მიუღია უმაღლესი სწავლა, როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ. მრავალ-წლობით შეძენილი თვისი ძვირფასი ნუმიზმატიური კოლექცია და წიგნსაცავი ეპ. კირიონმა ქართულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას შესწირა, ამას გარდა, სოფელ ქვემო-ნიქოზის "კირიონის სახელობის სამკითხველოსაც" ბევრი წიგნი შესწირა. პეტროგრადის სასულიერო აკადემიაშიც ეპ. კირიონის შეწირულობით ქართულ ბიბლიოთეკას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. სამშობლოში მყოფობისას ჩინებულად მოაწყო საეკლესიო მუზეუმი, გაამშვენიერა შუამთა, ალავერდი, ნგრევისსაგან იხსნა არა ერთი ძეგლი. სინოდის წინასწარ კრებაზე უშიშრად იცავდა საქართველოს ავტოკეფალიას. პატრიარქი კირიონი, ცნობილია არა მარტო ტანჯვა-წამებით, არამედ მეცნიერებითაც. ამ მხრივ მას დიდი პატივით ეპყრობიან როგორც ჩვენი მემამულე უდროოდ დაღუპული თამარაშვილი, ისე ბევრი სხვა სწავლულები. სხვათა შორის პროფ. გლუბოკოვსკიმ "ღმრთისმეტყველების ენციკლოპედიაში" კირიონს უძღვნა რამდენიმე კაბადონი.
პირველი ეკურთხა საქართველოს საქართველოს კათალიკოსად 575 წელს. მტკიცე ხასიათის კაცი იყო, მტკიცე რწმენისა, სამშობლოს კეთილდღეობისთვის თავდადებული. ქიშპობა ბერძენთა და სპარსთა შორის დაპყრობისათვის სომხეთისა დასრულდა 433 წელს სომხეთის მეფობის მოსპობითა და მის გაყოფით სპარსთა და ბერძენთა შორის. ამის შემდეგ გაჩაღდა ბრძოლა თვით სომეხთ სარწმუნოების გამოც. სომხები ერთმორწმუნენი იყვნენ ბერძნებისა და ქართველების. ბერძნებს სურდათ ასეთებად დარჩენილიყვნენ კვლავაც, სპარსელები კი მოწადინებულ იყვნენ როგორმე გამოეცალკევათ სომხები ბერძნებისგან. 451 წელს ქალკიდონის კრება გაიმართა. თან საქრისტიანოში გამრავლდა სხვა და სხვა მწვალებლობა. ყაენი ფირუზ (457-481) წინადადებას აძლევდა სომხებს, ან ნესტორის მწვალებლობა მიიღეთ ან იაკობიტთაო, თუ არა და მწირობა არ აგშორდებათო. იძულებულ იყვნენ განდგომოდნენ ქართველ-ბერძნებს და იაკობიტთა სწავლაზე მიქცეულიყვნენ. ამის შემდეგ მათ შეღავათით ეპყრობოდნენ სპარსთა დესპოტები, ხოლო ქართველებს, რომელნიც ბერძნებთან ერთად იყვნენ, სისასტიკეს არ აკლებდნენ. ერთხანს ქართველებს მეფის არჩევაც აუკრძალეს, მაგარამ ეს დასრულდა ქართველების გამარჯვებით: სპარსეთის ამბოხება შეიქმნა მიზეზად კეისარს დაეთანხმა მის მიერ დავალებული ყაენი ქართველებისთვის მიეცა ნება ამოერჩიათ თავისთვის მეფედ გურამ ბაგრატიონი [ჩვენით 590 წელს]. სწორედ ამ დროს მაკურთხევლობად მეფურივე კაცი კირიონი, რომელიც, უნდა ყოფილიყო უმთავრესი მოქმედი თვით გაუქმებულ მეფობის აღდგენის საქმეში. სომხის კათოლიკოსებს სურდათ კირიონის გადაბირება, მაგრამ იგი ურყევად იდგა და უპასუხებდა მათ: «ჩვენ ვერ გავეყრებითო იმ მსოფლიო საყდარს, რომელიც სუფევსო საბერძნეთს, რომს, იერუსალიმს, ანტიოქიას, თქვენ უღალატეთო წმიდა სარწმუნოებას, რომელიც წინად საერთო გვქონდაო. ჩვენს საკათალიკოზოში 35 ეპისკოპოსიაო და ყველამ აღვიარეთო ქალკადონის კრების დადგენილებანი.»
კირიონს, როგორც ჩანს, არ სურდა მიჰკედლებოდა აღმოსავლეთის დახავსებულობას, არამედ იგი ეტრფოდა ელინ-რომაელთა ძველადგანვე წარჩინებულ კულტურას და მათთან იჭერდა საქმეს. ერთი კითხვის გადასაწყვეტად მან პაპ გრიგოლ I-საც მიჰმართა და მისგან მიიღო შესაფერი პასუხი 596 წელს. [1] 26 თვის სამწყსოს ისე უვლიდა, როგორც ერთგული დედა შვილებს. სომხების კათალიკოსებს სურდათ გაეტაცნათ ცურტავის საეპისკოპოსო, მაგრამ კირიონმა შემოიმტკიცა და შემოიმაგრა. ქართველ სომეხთა ბრძოლა დასრულდა მით, რომ სომხების კათალიკოს აბრამს გასცა ასეთი არა ქრისტიანული ბრძანება: «ამიერდგან აღარა გქონდეთ ერთობაქართველებთან, არც ლოცვაში, არც ჭამა-სმაში, არც მეგობრობაში, არც ყრმათა
აღზრდაში, აღარც წახვიდეთ მოსალოცად მცხეთისა და მანგლისის ჯვარისა, აღარც შემოუშვათ ისინი ჩვენს ეკლესიებში. მათთან შექორწინებისაგან განეყენენით, ნება
გეძლევათ მათთან ვერა ივაჭროთ, ვით ურიებთან.»
ამანაც ვერა დააკლო-რა საქართველოს, პირიქით, კირიონის ნათელ პიროვნებას აუარებელ მტრებთან ბრძოლამ უმეტესი სიყვარული და პატივი მოუპოვა აღმოსავლეთ-დასავლეთში მან შეჰქმნა ის ერთობა, რომელზედაც თანდათან აღმოსცენდა საქართველოს ცნობილი ძლიერი სასულიერო და სახორციელო კულტურა, დამყარებული ისეთ დედაბოძზე, ვით გრიგოლ ხანძთელი, მიქელ მოდრეკილი, ეფვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, იოანე შავშელი, შოთა რუსთაველი, არსენი ბულმასიმიძე და სხვ.
ამნაირივე სიმტკიცის ხასიათისაა მისი ყოვლად უსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირიონი.
მას უფრო ძნელი დრო შეხვდა ვიდრე პირველ კირიონს. პირველ ჟამს ეკლესია თავოანი იყო. 35 მაკურთხეველი ჰყვანდა, თავისუფალი იყო, ყველასაგან პატივცემული. ყველა ამისგან ახლა შერჩა მას მხოლოდ ორიოდე მაკურთხეველი და დანგრეულ-გაოხრებული საყდრები, მტირალი ქურმუხი, მწუხარე ნეკრესი, ჭერემი, ანანური, სამთავისი, წილკანი, ატენი, იკორთა, ურბნისი, რუისი, კუმურდო, ზარზმა, გელათი, ონი, ცაგერი, ცაიში, ბედია, სოხუმი, შემოქმედი, ტბეთი, ხახული, საფარა და მრავალი სხვა წმინდა ადგილები სადაც ოდესმე ქართულ სკოლებს სინათლე შეჰქონდათ სიბნელეში.
საჭირო შეიქმნა ზრუნვა დედა-ქალაქ მცხეთას დაბრუნებოდა ის, რაც მას ეკუთვნოდა საუკუნოობით და რაც შარავანდედით შეჰმოსავდა ქართველთა საყდარს, ნგრევა-ოხრებისაგან გადაარჩენდა ხელოვნების მხრივ მრავალ საკვირველ ძეგლს და დაღუპვისაგან იხსნიდა მრავალ უძვირფასეს სამწერლო ნაშთს წიგნს. ეს ზრუნვა-გარჯა კირიონს ჩამოერთო არსებულ წეს-წყობილების მტრობად, ხოლო მტრობამ ხომ დანდობა აღარ იცის. ერთად მომუშავენი საეკლესიო მუზეუმში გაგვყარეს. ის გადაასახლეს, აუტანელი მწირობა აგემეს და კაცის კვლაც კი კინაღამ დასწამეს.
ბ-ნ ა.მოშჩანსკიმ გამოაცხადა: «სიონის მუზეუმი ბევრნაირად დავალებულია ეპისკ. კირიონისაგან, რომელსაც არა-სასიამო სახელი
გაეთქვა ეგზარხოსის ნიკონის მოკვლის საქმით. იგი იყო დიდი მოყვარე და მცოდნე საეკლესიო სიძველეებისა, ბეჯითად აგროვებდა მათ ყველა ქართ. ეკლესიებიდამ და უგზავნიდა სიონის მუზეუმს. მცხეთის საკრებულოს მღვდელი მწარედ შემოგვჩიოდა ამ ეპ. კირიონზედ მისთვის, რომ მან ამ ეკლესიიდამ გამოიტანაო ძველი გარდამოხსნა და წარაგზავნაო ტფილისს. იქ, მართლაც ჩვენ ვნახეთ ის გარდამოხსნა. მაგიერად ბ-ნი ჯანაშვილი კირიონს იგონებს დანანებით (ვსპომინაეტ ნე ბეზ სოჟალენია). ყველას,
როგორც სჩანს, ვერ ესათნოები...»
ყველა ესეთი გადაკვრ-გადმოკვრა რომ იოტის ოდენადაც მართალი ყოფილიყო, არა თუ "ნიკონის მოკვლის საქმით არა-სასიამოვნოდ ცნობილ კირიონს", არამედ მის "დანანებით" მომგონებელ ჯანაშვილსაც სახრჩობელა თუ ციმბირი არ ასცდებოდათ. მაგრამ რახან ტყუილს მუდამ მოკლე ფეხები აქვს, ამიტომ კირიონს ხანგრძლივ ტანჯვის შემდეგ მტანჯველებისაგანვე ეღირსა ჩინებული კათედრები, მაგრამ არა მის საყვარელ სამშობლოში, სადაც მას შეეძლო აუარებელი სარგებლობის მოტანა ღვიძლ მოძმეთათვის, არამედ შიდა რუსეთში.