ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელი დევნისას შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში. წმიდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი.
ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა - ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი წმიდანად იქნა შერაცხილი: ბასილი, მაკრინე, გრიგოლ ნოსელი, პეტრე სებასტიელი და ღირსი თეოზვა დიაკონისა.
სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: "რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოისა სწავლისა და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაი". კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინოპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით ცნობილ ქალაქ ათენში. ათენში ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი.
მეუღლის სიკვდილის შემდეგ წმიდა ბასილის დედა უფროს ასულ მაკრინესთან ერთად და რამდენიმე ქალწულთან ერთად მდინარე ირისის ნაპირას, საგვარეულო მამულში განმარტოვდა და ასკეტური ღვაწლი იტვირთა. ბასილი კი მოინათლა და კესარიელი ეპისკოპოსის, დიანის კურთხევით მედავითნედ იქნა დადგენილი.
მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად ბასილიმ იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, მოინახულა ღვაწლმოსილი მოსაგრეები, კაბადოკიაში დაბრუნების შემდეგ კი ცდილობდა, მიაბაძა მათთვის. მთელი სიმდიდრე წმიდანმა მოწყალებად გასცა, შემდეგ კი ემილიასა და მაკრინესთან ახლოს, მდინარის მეორე ნაპირას ძმათა საცხოვრისი დააარსა. თავისი წერილებით ბასილი დიდმა უდაბნოში მიიზიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. ბასილი და გრიგოლი უსაზღვრო თავშეკავებით გამოირჩეოდნენ: მათ სენაკებში არ იყო კერა ცეცხლის დასანთებად, საზრდელიც ძალზე მწირი ჰქონდათ. ისინი თლიდნენ ქვებს, რგავდნენ და უვლიდნენ ხეებს, ეზიდებოდნენ ტვირთს. . . მძიმე ფიზიკური შრომის გამო კოჟრები არ სცილდებოდათ ხელებიდან. ამსოფლიური ამაოებისაგან განრიდებული ბასილი და გრიგოლი სწავლობდნენ წმიდა წერილს, ეცნობოდნენ მის განმარტებებს, კერძოდ, ორიგენეს ნაშრომებს, რომლის თხზულებების მიხედვითაც შეადგინეს კრებული "ფილოკალია" ("სიკეთისმოყვარება"). იმავე ხანებში ღირსმა ბასილიმ, ბერების თხოვნით, დაწერა ზნეობრივი ცხოვრების წესების სახელმძღვანელო. თავისი ცხოვრებისეული მაგალითითა და ქადაგებებით ბასილი დიდს სულიერი სრულყოფილებისაკენ მიჰყავდა კაბადოკიელი და პონტოელი ქრისტიანები. მრავალი ისწრაფოდა მისკენ, როგორც გამოცდილი და ღვთივსულიერი მოძღვრისაკენ. ასე დაარსდა ორი - მამათა და დედათა მონასტერი, რომლებიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.
იმპერატორ კონსტანციუსის (337-361) მეფობაში გავრცელდა არიოზის ცრუსწავლება და ეკლესიის სიწმიდის დაცვამ ორივე წმიდანის სამსახური მოითხოვა. ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა. 362 წელს მელეტი ანტიოქიელმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი, 364 წელს, ევსები კესარიელმა მღვდლად დაასხა ხელი. ბასილიმ სახელი გაითქვა თავისი სიბრძნითა და სიწმიდით. მას პატივს სცემდნენ, ქება-დიდებას ასხამდნენ და ყოველივე ამან, ადამიანური სისუსტის გამო, ეჭვიანობა გააღვივა ევსებიში. მან ღირსი მამის შევიწროება დაიწყო. ბერები აღდგნენ წმიდა ბასილის დასაცავად. საეკლესიო განხეთქილების საფრთხე რომ მოესპო, წმიდანი თავის უდაბნოს დაუბრუნდა და მონასტრების კეთილმოწყობას შეუდგა. როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა. მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ ეპისკოპოს ევსების თხოვნით, ბასილი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში. ამ დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მართვა-გამგეობა, ფაქტიურად, ბასილი დიდის ხელში გადავიდა. იგი ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს, ხშირად დღეში ორჯერ - დილასა და საღამოს. ამ ხანებში შექმნა მან საღვთო ლიტურგიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები "ექუსთა დღეთათვის", ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნების განმარტებები, მონაზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული - "ასკეტიკონი" (ეფრემ მცირის თარგმანით - "სამოღვაწეო წიგნი") და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის ევნომიუსის წინააღმდეგ.
ევსები კესარიელის სიკვდილის შემდეგ, 370 წელს, მისი კათედრა წმიდა ბასილიმ დაიკავა. როგორც კესარიელ ეპისკოპოსს, მას თერთმეტი პროვინციის ორმოცდაათი ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ კაბადოკიის ეკლესიას ბასილისმაგვარი ეპისკოპოსი მიმადლა.
წმიდა მღვდელმთავარს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი წერილები ეკლესიების, ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და კერძო პირების მიმართ. ბასილი დიდის დაუცხრომელი მოღვაწეობა აძლიერებდა ერეტიკოსთა სიძულვილს მისდამი.
იმპერატორი ვალენტი მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდა, ასახლებდა და სასტიკი მეთოდებით ავრცელებდა არიანელობას. ამავე მიზნით ჩავიდა ის კაბადოკიაში და წმიდა ბასილთან გაგზავნა პრეფექტი მოდესტი, რომელიც ემუქრებოდა მას ქონების ჩამორთმევით, განდევნით, წამებით და სიკვდილით დასჯითაც კი. "შენი მუქარა მე არ მაშინებს, - უპასუხა წმიდანმა, - ქონებას ვერ დაკარგავს ის, ვისაც არაფერი გააჩნია ძველი, გაცრეცილი სამოსისა და რამოდენიმე წიგნის გარდა; გადასახლების საფრთხე ჩემთვის არ არსებობს, რადგან არც ერთ ადგილას არ ვარ მიჯაჭვული: ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი არაა და არც ის ადგილი იქნება ჩემი, სადაც გამაგდებენ. უკეთ რომ ვთქვათ, ყველა ადგილი უფლისაა. წამებითაც რას დამაკლებენ: ისე სუსტი ვარ, რომ მხოლოდ პირველ დარტყმას ვიგრძნობ - სიკვდილი კი წყალობაა ჩემთვის: ის მიმაახლებს უფალთან, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვიღვწი, და რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფვი". მმართველი გაოგნებული უსმენდა. "ალბათ არასდროს შეხვედრიხარ ეპისკოპოსს, - განაგრძობდა წმიდანი, - თორემ მისგან უთუოდ ამგვარივე სიტყვებს გაიგონებდი. ჩვენ მშვიდნი და ყოველგვარი ხელისუფლების ყველაზე მორჩილი მსახურები ვართ, მაგრამ, როცა საქმე უფალს ეხება და გაკადნიერდებიან, აღდგნენ მის წინააღმდეგ, ჩვენ ყველაფერზე მაღლა ვდგებით და მხოლოდ ღმერთს ვემორჩილებით. მაშინ ცეცხლი, მახვილი, გააფთრებული მხეცები და საწამებელი იარაღები ჩვენთვის ნეტარებაა და ამით ვერ შეგვაშინებენ."
როცა იმპერატორს პრეფექტმა ბასილი დიდის შეურყევლობა ამცნო, დასძინა: "დაგვამარცხა, მეფევ, ეკლესიის წინამძღვარმა!" ამგვარივე სიმტკიცე გამოიჩინა წმიდანმა თავად იმპერატორის წინაშეც და ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ვალენტიზე, რომ მან მხარი არ დაუჭირა არიანელებს, რომლებიც ეპისკოპოსის გადასახლებას ითხოვდნენ.
ღირსი ბასილი მკაცრად ადევნებდა თვალყურს საეკლესიო კანონის დაცვას. მის დროს სამღვდელოებაში უღირსი ვერ გაერეოდა. ის დაუზარლად მოიხილავდა თავის ეკლესიებს, მიუკერძოებლად სჯიდა საეკლესიო დისციპლინის დამრღვევებს. კესარიაში ბასილი დიდმა ორი - მამათა და დედათა მონასტერი ააგო ორმოც მოწამის სახელობის ტაძართან, სადაც უფლის ამ სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები ინახებოდა. მღვდელმთავარს დაქვემდებარებული მიტროპოლიის მღვდელმსახურები, ბერმონაზონთა მიბაძვით, მეტად ღარიბულად, წმიდად და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ. ბასილი დიდმა მიაღწია სამღვდელოების გათავისუფლებას გადასახადებისაგან. მთელ თავის სახსრებს და თავისი ეკლესიების შემოსავალს ის გლახაკებს ახმარდა, დააარსა დავრდომილთა თავშესაფრები, კესარიაში ააგო სასტუმრო მწირთათვის. სნეულებებმა, რომლებიც სიყმაწვილიდანვე თან სდევდა წმიდანს, მკაცრმა და თავშეკავებულმა ცხოვრებამ, სამწყსოზე და წინააღმდეგობებთან ბრძოლამ წმიდა ბასილის ფიზიკური ძალები გამოაცალა. 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ღირსი მამა გარდაიცვალა.