საიტის მენიუ

მინი-ჩეთი

შესვლის ფორმა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0




მე-8 საუკუნეში მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუდაბურებული იყო. არაბთაგან ოტებული წმიდა აშოტ კურაპალატი (ხს.29 იანვარს) ქართლიდან კლარჯეთს ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის.
ამ დროს კიდევ ერთი ღვთივსულიერი კაცი ჩავიდა ტაო-კლარჯეთში - ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი. იგი დიდგვაროვანთა შვილი იყო და ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. "საშოითგანვე დედისაით შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თვისისა", ამიტომ ბავშვობიდანვე მკაცრად იზრდებოდა.
ღვთისაგან გამორჩეული ყრმის "გულისხმიერობაი სწავლისაი განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითნი და ყმითა სასწავლელი სწავლაი საეკლესიოი, სამოძღუროი ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაიცა ისწავლა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა".
აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერის-მთავარს და მშობლებს:"აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო". ახლობლებმა მაინც დაითანხმეს:"მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტესსა და ჰმონე მას მღვდელობითა, რომელმან ივნო ჩუენთვის, მღვდელმან მან საუკუნემან და ჩუენ ყოველნი გუაცხოვნა".
სამღვდელო ხელდასხმის დროს უძლურთა მკურნალმა და ადამიანურ ნაკლოვანებათა აღმავსებელმა საღვთო მადლმა Fუფრო საცნაურ-ჰყო წმიდა გრიგოლის პიროვნება, ერი იხარებდა,"რაჟამს წმიდითა ხელითა მისითა ღირს იქმნნეს მიღებად ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა".
შემდგომ მთავრებმა ეპისკოპოსად კურთხევა დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი, იგრძნო "თავი თვისი ხორციელად დიდებასა შინა" და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს, დატოვა დროებითი, " შეცვალებადი პატივი ქუეყნისა, მოკუდავთა კაცთა სუფევისაი, მოჰრიდა ჟამიერთა და ნივთიერთა ბუნებათა, რაითა უჟამოი იგი ნათელი უძღოდის უცვალებელსა დიდებასა სასუფეველსა ცათასა".
გრიგოლმა თან წაიყვანაY სამი თანამოსაგრე: დედის დისწული - საბა - იშხნის განმაახლებელი და ეპისკოპოსი, თეოდორე - ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე - კვირიკეთის მაშენებელი. ესე ოთხნი ძმანი სარწმუნოებითა და საღმრთო სიყვარულით იყვნენ "ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი, ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული".
ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან.
გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებასა და მდუმარებას.
ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდებოდა "ხელითა გრიგოლისა მღვდელისა, კაცისა ღმერთისაითა და სულნელებაი ლოცვათა მისთაი და მოწაფეთა მისთაი, ვითარცა კეთილი საკუმეველი, აღიწეოდეს წინაშე ღმრთისა". ბერმა ღირს მამას ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა.
ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთა-გორიანი იყო, ნიადაგი - კლდოვანი, მათ კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ.
ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია.
გაბრიელ დაფანჩულმა Aაშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულიღ შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა "შეწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნესე, ბაგრატ და გუარამ - შეწირეს თითოეულად, რაიცა სახმარი მონასტერსა მისსა უქმდა, ყოველივე უხუებით".
არაბთა ბატონობისგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო Dშვილებმა, საღვთო მადლით ავსებულმა მამებმა. გრიგოლის გვერდით მოღვაწეობდნენ: ზენონ სამცხელი, ეპისკოპოსი ეპიფანე და მღვდელი მატოი, ბასილი ხანძთელი, ილარიონ საბაწმინდელი. ხანძთის სავანეში ღირსი გრიგოლის ხელმძღვანელობით აღიზარდნენ საქართველოს ეკლესიის მნათობნი: ღირსი არსენ დიდი საფარელი (ხს. 25 სექტემბერს) - "ქართლი კათალიკოსი და მცხეთისა საყდრისა გვირგვინი დაუჭნობელი" და ღირსი ეფრემ მაწყვერელი (ხს. 17 აპრილს), რომელიც 40 წელი მღვდელთმთავრობდა "შემკული სულითა წმიდითა და სასწაულთა იქმოდა მრავალთა".
ღვთისათნო ცხოვრებისა და მოშურნეობისათვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული. ისინი იყვნენ "ღირსნი სასწაულთმოქმედნი, მოთმინებისა სუეტნი შეურყეველნი, ვითარცა განმტკიცებულნი დაუცემლად სუეტნი ცათანი".
გრიგოლს საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის, აშიტ კურაპალატის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. "მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთის - მსახურისა მის ხელმწიფისა დაცემისათვის და ტირილითა სავსენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა".
გზად მიმავალ გრიგოლსა და საბას ღვთისაგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისაკენ მიმავალი გზა, აგრეთვე ის, რომ ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. გახარებულ საბას აღარ უნდოდა ხანძთას დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირედ ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად წავიდა იშხანს ეკლესიის აღსადგენად .გრიგოლი დიდად ზრუნავდა თავისი მონასტრისათვის. მან იერუსალიმში მიმავალ მეგობარს სთხოვა საბაწმიდის ლავრის ტიპიკონის გადაწერა. მეგობარმა თხოვნა შეუსრულა. ნეტარმა გრიგოლმა "განაწესა წესი თვისისა ეკლესიისაი და მონასტრისაი, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით გაბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასი დაულევნელთა კეთილთაი".
მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი " უდებთაგანს არ შეიწყნარებდა". ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. ბევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა.
გრიგოლიუდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის. მირიან აზნაურის მძლავრებით ეპისკოპოსთა მცირე კრებამ ქართლის კათალიკოსად დაადგინა მისი ვაჟი, წმიდა წმიდა გრიგოლ ხანძთელის აღზრდილი და სულიერი შვილი არსენი (ხს. 25 სექტემბერს). სჯულის-კანონის ასეთმა უხეშმა დარღვევამ სამღვდელოებისა და ერისკაცთა გულისწყრომა გამოიწვია. გუარამ მამფელის ხელმძღვანელობით ჯავახეთში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელსაც არსენი უნდა გადაეყენებინა. საეკლესიო სამართალი გუარამისა და იმ ეპისკოპოსთა მხარეს იყო, რომელთაც ღირსი ეფრემ მაწყვერელი ედგა სათავეში. თვით ეფრემი თანაშეზრდილი იყო არსენისა, ძალზე უყვარდა იგი, მაგრამ "სამართალ იყო სიტყვის გებაი იგი". ნეტარი გრიგოლის მოსვლამდე სიტყვის თქმა ვერავინ გაბედა. ერუშელმა ეპისკოპოსმა თქვა: "ოდეს მოვიდეს ვარსკულავი უდაბნოთაი, მაშინ წარემართოს საქმე და განზრახვაი ყოველთაი".
კრებაზე გამოცხადებული გრიგოლი საკვირველი სანახავი იყო:"სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩნდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაი, ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოი". მამები მიხვდნენ, რომ მისი სიტყვა ღვთივგამოცხადებული იქნებოდა და მართლაც, როცა წმიდა გრიგოლმა თქვა, რომ "ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაი არსენისი სისრულისა მისისათვის", - უდრტვინველად მიიღეს მისი ნაბრძანები.
ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი, ვითარცა ნიშანსვეტი და წინასწარჭვრეტა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებისა.
უფალი მრავალ სასწაულს ახდენდა ღირსი გრიგოლის ხელით. ერთხელ დეკანოზმა მნათეს უთხრა:"წადი მამა გრიგოლთან, გაიგე ძინავს თუ ღვიძავს, ცისკრის ჟამიაო". მნათე მივიდა გრიგოლის სენაკთან და ნახა, რომ იქიდან ნათელი გამოდიოდა. მან იცოდა, რომ ღირსი მამა არც ცეცხლს, არც კანდელს არ ანთებდა სენაკში და შეეშინდა, ეგონა ხანძარი იყო გაჩენილი, დეკანოზმა მნათე დაამშვიდა:"ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისა განმანათლებელი", - მას ბევრჯერ ეხილა ეს დიდებული ხილვა. მართლაც, ხელაპყრობით ლოცვად დამდგარი წმიდანი მზესავით ბრწყინავდა და მისი სხეულიდან ნათლის ისარნი გამოდიოდნენ ჯვრის სახედ.
ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისთვის. მოულოდნელად დიდი ხე დაცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა:"სახელითა ქრისტესითა დადეგ ძელო"! სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა მყინვარსა ზედა მოქანებული საშინელად".
ღირსი გრიგოლის ლოცვით მრავალი კურნება აღესრულა. მისი ლოცვით განიკურნა ორი წლის განრღვეული ჩვილი, სისხლმდინარე ქალი, რომელსაც ხელები სტკიოდა. წმიდა მამასთან სარწმუნოებით მისულნი იკურნებოდნენ სენთაგან არაწმიდებისათა.
გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს), არ შეეპუა მის მაღალ მდგომარეობას, იცოდა, რომ მეფის არასწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის.
ღირსი გრიგოლი საღმრთო სიყვარულით იხარებდა თანამოსაგრეებთან, მაგრამ იფქლთა შორის ღვარძლიც გამოერია: ანჩის დაქვრივებული კათედრა მძლავრებით მიიტაცა ვინმე ცქირმა, თბილისის ამირა საჰაკის ახლობელმა. უღირსი მღვდელთმთავარი მრავალ ბოროტებას ჩადიოდა. მამები, განსაკუთრებით კი გიორგი, მკაცრად ამხელდნენ ცქირს, მან კი, ამპარტავნებისგან ძლეულმა, საღმრთო შიში განაგდო და ვიღაც ანჩელი კაცი მოისყიდა ღირსი მამის მოსაკლავად. მკვლელმა იხილა "სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდმო, რამეთუ სვეტი ნათლისაი ფრიად ბრწყინავალ ცად აღწევნული ჰფარვიდა მას და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალთ-შეუდგამი გარემო მისა ცის - სარტყელის სახედ, შუენიერად რაი გამოჩნდის ჟამსა წყმისასა". მკვლელს მოულოდნელად მკლავი გაუხმა და მხოლოდ ღირსი გრიგოლის ლოცვით განიკურნა. ანჩში მოწვეულმა კრებამ პატივისაგან განკვეთა ცქირი. ხარისხაყრილი ცქირი თბილისში წავიდა საჰაკ ამირასთან, მისი დახმარებით ხელახლა ჩაიგდო ხელში ანჩის საყდარი და ხალხი მიუსია ხანძთის მონასტერს დასარბევად. ღირსი გრიგოლი ცრემლებით ევედრებოდა უფალს მონასტრისა და ძმების დაცვას. მას უფლის ანგელოზისაგან ეუწყა, რომ ცქირი დაისჯებოდა. მართლაც, ორი დღის შემდეგ ქორთას მყოფი ცქირი მოულოდნელად გარდაიცვალა.
ღირს გრიგოლს უფლისაგან წინასწარ ეუწყა თავისი ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, რომ ამ დღეს აენთოთ ისინი და ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად.
გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა:"ნუ გეშინინ მოსვლად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა გიწესს მეუფე ცათაი ქრისტეი. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებლად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ".
ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში 861 წლის 5 ოქტომბერს.
წმიდანის ნეშტი, საკუთარი ანდერძისამებრ, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა


ქსოვრელა © 2024