საიტის მენიუ

მინი-ჩეთი

შესვლის ფორმა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0




წმიდა გიორგი მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან რომში, თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.
ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველთა რაზმის უფროსად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.
კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ, მხარდაჭერაც აღუთქვა.
წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავის მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯარაოდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: "მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენს წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის". - "რა არის ჭეშმარიტება?" - ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. "თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნილი თქვენ მიერ", - იყო პასუხი.
თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა, დაერწმუნებინა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა აღმსარებელმა მტკიცედ მიუგო: "ვერავითარი ამსოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს, ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს". განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით მეომრები შეეცადნენ, შუბის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმიდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას ფეხებზე - ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს.
მეორე დღეს ნაწამები წმიდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს: "უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენს მიერ გვემული", - ასე პასუხობდა იგი დიოკლეტიანეს ყოველ შეკითხვას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმიდანმა ჯერ ხმამაღლა ჰხადა უფალს, შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, რომ იგი უკვე აღესრულა, ბრძანა, ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან, თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.
მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ კი მაღლიდან მოისმა ხმა: "ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!" ბორბალთან უჩვეულო ნათლითმოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: "გიხაროდენ!" - და გაუჩინარდა. წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან.
ამის მხილველმა განცვიფრებულმა მეომრებმა წმიდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს, იმპერატორთან. დიოკლეტიანემ თვალებს არ დაუჯერა, როცა საღ-სალამათი მოწამე იხილა, ვერც ქურუმმა ათანასემ დამალა გაოცება. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ - ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება და იმწამსვე დიოკლეტიანესაგან თავის მოკვეთაც მიესაჯათ. თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო, გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულ დიდებულთა ხვედრი, მცველებს სასწრაფოდ, ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში.
ამის შემდეგ იმპერატორის განკარგულებით წმიდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოიღეს და წმიდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით, მას წვერწამახულ ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპყრობილემდე.
მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმიდა გიორგის ნახვა, წამებულმა ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო. ამის გამო ისე სცემეს, ხარის გამხმარი ძარღვებით, რომ წმიდანის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მაგრამ მისი სიმტკიცე მაინც ვერ გატეხეს. იმპერატორმა დასახმარებლად წარმართ მოგვს, ათანასეს უხმო. ათანასემ შეზავებული სისხლით სავსე ორი თასი მისცა მოწამეს, პირველს მორჩილი უნდა გაეხადა იგი, მეორეს კი უნდა მოეკლა. მოწამემ მშვიდად შესვა ორივე და კვლავ ადიდა ღმერთი.
მისნის რჩევით, დიოკლეტიანემ წმიდა გიორგის უბრძანა, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრეთით. წმიდანი საფლავთან მიიყვანეს. მან უფალს შეჰღაღადა: "უფალო იესო! წინაშე შენსა წარმომდგართ უჩვენე, რომ ერთი ღმერთი ხარ მთელი ქვეყნისა, რათა გიცნან შენ, ყოვლადძლიერი მეუფე ჩვენი".
მიწა იძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. ამ სასწაულის მოწმეებმა ერთხმად ადიდეს ღმერთი, თვით ათანასემ იმწამსვე აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება, წმიდა გიორგის დაუჩოქა და სთხოვა, ცოდვები მიეტევებინა მისთვის. გამძვინვარებულმა დიოკლეტიანემ სიკვდილით დასაჯა ათანასეც და მკვდრეთით აღმდგარი კაციც, წმიდა გიორგი კი კვლავ საპყრობილეში ჩააგდო, რათა მეორე დღესვე სიკვდილით დაესაჯა იგი, თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს.
იმ ღამეს წმიდა გიორგის თავად მაცხოვარი ეჩვენა: "ნუ გეშინინ, მხნე იყავ, განძლიერდი. მალე მიხილავ და მიიღებ შენთვის განკუთვნილ ადგილს".
დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ შესთავაზა წმიდა მოწამეს, თაყვანი ეცა კერპებისათვის. წმიდა გიორგი დათანხმდა მბრძანებელს აპოლონის ბომონში გაყოლაზე, ხოლო როცა გახარებულმა იმპერატორმა პატივით შეიყვანა იგი სამსხვერპლოში, წმიდანი მიუახლოვდა კერპს, ჯვარი გადასახა და ყველა კერპი დაიმსხვრა.
ხალხი აბობოქრდა. ქურუმები წმიდანის მოკვდინებას მოითხოვდნენ. ხმაურზე წმიდა დედოფალი ალექსანდრა მოვიდა. როცა ნახა, რომ წმიდა გიორგი სასიკვდილოდ მიჰყავდათ, თვითონაც აღიარა ქრისტიანობა და, დიოკლეტიანესაგან სიკვდილმისჯილი, სიხარულით გაჰყვა გვერდით საყვარელ წმიდანს.
დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არა უწყოდნენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს.
ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში.
წმიდა გიორგი ეწამა ოცდაათი წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ: 23 აპრილს (6 მაისს) - წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს (ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გადავიდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში).
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა


ქსოვრელა © 2024