ნიკოდიმოს მილაში, რომელიც არის განმარტებული საეკლესიო კანონებისა, ზემოთხსენებული კანონის განმარტებისას ბრძანებს: "ამ კანონში საუბარია ერთ-ერთ ჩვეულებაზე იმ წარმართულ ჩვეულებათაგან, რომელთა შესახებაც უკვე საუბარი იყო ტრულის რამდენიმე კანონში. წარმართებას, ისევე როგორც იუდეველებს, ჩვეულება ჰქონდათ ედღესასწაულათ ახალმთვარის დღეს, რათა მათი აზრით, შემდეგ მთელი თვის მანძილზე ბედნიერები ყოფილიყვნენ... ამ ჩვეულების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ დახლებისა და სახლების წინ კოცონს ანთებდნენ და ზემოდან ახტებოდნენ იმაში დარწმუნებულნი, რომ ამით თითქოს უბედურების ნაცვლად ბედნირებას მიიღებდნენ. ამ ჩვეულებას ზოგიერთი ქრისტიანიც იზიარებდა იმ დროს, როცა ტრულის კრება მიმდინარეობდა, რის გამოც ეს კანონი გამოიცა; იგი კლერიკოსებს განკვეთით ემუქრება, ერისკაცებს კი განყენებით – ურჩობის შემთხვევაში”.
ჩვენს სამშობლოში საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა სპარსეთისა და შემდგომ ირანის სახელმწიფოებთან. სწორედ აქედან გავრცელდა არასწორი სარწმუნოება "მაზდეანობა”, იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობა. საუკუნეების წინ ირანი ფიზიკურად თუ სულიერად წამლავდა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ახლა მდგომარეობა სხვაგვარია. ჩვენ, ქრისტიანები, მართლმადიდებლები ვართ და საკუთარ თავზე ვიღებთ ვალდებულებას იმის შესახებ, რომ უმწიკვლოდ და უზადოდ დავიცვათ ის სარწმუნოება, რომელიც განკაცებულმა ღმერთმა იესო ქრისტემ მოუტანა კაცობრიობას სულთა სახსნელად. უმწიკვლოდ დავიცვათ ჩვენი ქრისტიანი წინაპრების ის სარწმუნოება, რომლის გამოც ბევრმა მათგანმა საკუთარი სიცოცხლის ფასად აღიარა და დაამოწმა ჭეშმარიტება.
გავიხსენოთ რა მოხდა დიდ ოთხშაბათს, სწორედ იმ საღამოს, როდესაც თითქმის მთელი ქვეყანა (ზოგი გაუცნობიერებლად) გაეცნო შემაწუხებელი ყიჟინით ცეცხლს გარშემო შემოკრებილი. ამ დღეს იუდამ გასცა თავისი მოძღვარი, გაყიდა განკაცებული ღმერთი 30 ვერცხლად. ნუთუ ჩვენ ამ დღეს დავივიწყებთ ქრისტიანობას? დავივიწყებთ უფლის სახიერებას? დავივიწყებთ მისგან დაღვრილ სისხლს და "აღვიარებთ არტოშანს და შევეერთებთ უღმერთოთა?” იმ დროს როცა ქრისტიანები იხსენებენ მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებსა და საათებს, ჩვენ სად ვიმყოფებით ამ დროს? ქრისტესთან – ეკლესიაში თუ არტოშანთან (წარმართული ღვთაება) – ცეცხლის გარშემო?! დავფიქრდეთ ვისი გორისანი ვართ, ვისი სახელი გვქვია ქრისტიანისა თუ მაზდეანისა. ჩვენ ჩვენდა უნებურად ჭიაკოკონობაში მონაწილეობის მიღებით უარვყოფთ სწორ სარწმუნოებას და ვაღიარებთ უცხო მოძღვრებას, რომელიც დემონმა (ეშმაკმა) გამოიგონა.
ალბათ, ბევრ ჩვენთაგანს მიუღია მონაწილეობა ასეთ წარმართულ დღესასწაულებში. ალბათ, ბევრმა ჩვენთაგანმა შებღალა ნათლისღებით განათლებული სული ამქვეყნიური უხამსობებით. სანამ დრო გვაქვს შევინანოთ, სანამ დრო გვაქვს კვლავ განვასპეტაკოთ აღსარების საიდუმლოთი ღვთისაგან ბოძებული უკვდავი სული. უფალი ესაია წინასწარმეტყველის პირით მოგვიწოდებს: "განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოისპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა... და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებინლი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო. (ეს. 1; 16-18).
მღვდელი ვახტანგი (დავითაშვილი)
